სამეცნიერო ნაშრომები




საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით და მისი შედეგები


თანამედროვე მსოფლიოში ხშირია, როცა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. დღეს რთულია ვიპოვოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ადამიანს ექნება ერთი კულტურა, რელიგია, ტრადიციები და ერთ ენაზე ილაპარაკებს.
ყოველი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობა, რაც ხშირად რთული მისაღწევია ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოსთვის კარგად ნაცნობია,რადგან იგი მრავალეთნიკური ქვეყანაა.
თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ და სხვა ეროვნების წარმომადგენლების ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინება, მათი სოციალურ-კულტურული ადაპტაცია და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში ისე, რომ მათი ნაციონალური თვითცნობიერება, ენისა და კულტურის თავისებურებები შენარჩუნებული იქნას. ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაცია ქართული დემოკრატიული განვითრების ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთიპრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს, რადგან მოსახლეობის ინტეგრაციის დაბალმა ხარისხმა,სამხრეთ კავკასიაში არსებული გაყინული კონფლიქტებისა და დაძაბული ვითარების ფონზე,შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი დაპირისპირების წარმოქმნას.
აღნიშნული ნაშრომის მიზანს წარმოადგენს აჩვენოს სახელმწიფოს პოლიტიკა და მისი შედეგები ეთნიკური უმცირესობების მიმართ ამჟამინდელი და წინა მთავრობების პერიოდში. 
სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ ისტორიული გამოცდილება მოწმობს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნებათაშორის ურთიერთობაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური რეჟიმი. რაც ნათლად დასტურდება საქართველოს შემთხვევაშიც. სამოქალქო ინტეგრაციის პრობლემამ აქტუალობა 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოიპოვა. ახლადჩამოყალიბებული ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ეროვნული უმცირესობები საფრთხედ იქნა აღქმული, რამაც 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ათასობით ეროვნული უმცირესობების გადინება გამოიწვია. 1992 წელს ზ. გამსახურდიას ნაციონალისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა და მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. მიუხედავად ფასადური დემოკრატიისა, შევარდნაძის ხელისუფლებამ მოახერხა მრავალეროვნული საზოგადოებისთვის სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოების შექმნა.თუმცა ბევრი სერიოზული პრობლემა დარჩა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალმა მთავრობამ აქტიურად დაიწყო რიგი რეფორმების გატარება. 2003-2012 წლებში ქვეყანაში უდავოდ გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის დასაჩქარებლად, თუმცა პრაქტიკაში ნაკლებად ხდებოდა დეკლარირებული პოლიტიკის კონკრეტულ ქმედებებში გარდაქმნა.
2012 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში არჩევნების გზით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ განაგრძო წინა ხელისუფლების მიერ არჩეული სამოქალაქო ნაციონალიზმის კურსი. შეიძლება ითქვას რომ წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პროგრამები, რომლებიც მიზნად ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას ისახავდნენ, რეალურად 2013 წლიდან ამუშავდა და საკმაოდ ეფექტურიც აღმოჩნდნენ. მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა 2015 წელს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის მიღება. დაიწყო ქართული ენის ელექტრონული/დისტანციური უფასო სწავლება ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის. აგრეთვე განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“, ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯების მიუხედავად ქვეყანა დგას რიგი გამოწვევების წინაშე, რომელთა გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.






ნაშრომი იხილეთ ლინკზე 

No comments:

Post a Comment