სამცხე-ჯავახეთის გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონის ჩართულობის დონის განსაზღვრაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
6.41 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობით რეგიონი საქართველოს ტერიტორიის 10.7% შეადგენს. აღმოსავლეთიდან სამცხე-ჯავახეთს ესაზღვრება ჯავახეთისა და აბულ-სამსარის ქედები, ხოლო მეზობელი რეგიონი ქვემო ქართლია. დასავლეთიდან მას ესაზღვრება არსიანის ქედი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ჩრდილოეთით - აჭარა-იმერეთი და თრიალეთის ქედები შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში2 . სამხრეთით არის საქართველოს საზღვარი სომხეთთან და თურქეთთან. სამხრეთით აღნიშნული კავშირი რეგიონს საერთაშორისო ვაჭრობის ჰაბად წარმოაჩენს, რადგან ის აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტია 3 . გამომდინარე იქიდან, რომ ჩაკეტილი მთიანი რეგიონია, კლიმატი საკმაოდ მკაცრია. ზამთარი ცივი და ხანგრძლივია, მაგრამ ზაფხული - თბილი. იანვარში ტემპერატურა მერყეობს 0-დან 7.2 გრადუსს შორის, მაშინ როცა ივლისში 16-დან 20.2 გრადუსს შორის.წლიური საშუალო ნალექი არის დაახლოებით 500-600 მმ. 4 რეგიონი მდიდარია ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ბაზალტი, პერლიტი და მარმარილო, ასევე, მისი სახელგანთქმული მინერალური წყლით, რომელიც თავისი აგდილ მდებარეობის სახელს, ბორჯომს, ატარებს. აღნიშნული რესურსების გამო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სამშენებლო წარმოების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამის მიუხედავად, რეგიონის აქტივობის მთავარი სფერო სოფლის მეურნეობაა. სამცხე-ჯავახეთში სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობი მთლიანად 396 ათასი ჰექტარია, საიდანაც 77.6 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა, სადაც ძირითადად მარცვლოვანი მცენარეები და კარტოფილი მოჰყავთ5 . რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 213,700 ადამიანს6 შეადგენს და 6 მუნიციპალიტეტად ან რაიონად არის დაყოფილი. ესენია: ადიგენი, ასპინძა ახალციხე, ბორჯომი და ნინოწმინდა. სამცხე, ჯავახეთი და თორი - სამი ისტორიული პროვინციაა.
რეგიონში შედგება 353 დასახლებისგან, მათ შორის ხუთ ქალაქის: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა; შვიდი დაბის: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი და ასპინძა; და 254 სოფლისგან7 . ახალციხე ადმინისტრაციული ცენტრი და დედაქალაქია, რომელიც მდებარეობს ახალციხის ქვაბულში მდინარე ფოცხოვის ორივე მხარეს ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე.
ახალციხე რეგიონში ყველაზე დიდი ქალაქია 18 ათას კაციანი მოსახლეობით8 . სამცხე-ჯავახეთი მე-19 საუკუნიდან ეთნიკური სომხებით (54.6%) დასახლებული რეგიონია მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობით, მათ შორის ქართველებით (43.35%), ბერძნებით (0.36%) და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოსახლეობით(1.7%), როგორებიც არიან რუსები და ოსები9 . მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ ყველა რაიონში, ჯავახეთის ისტორიული პროვინციაში (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) ეთიკურად სომეხი მოსახლეობა მთლიანად 94.8% შეადგენს (94.33% და 95.78% შესაბამისად) 10 . ის ფაქტი, რომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა კომპაქტურად ამ რეგიონში ცხოვრობს საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორია. შესაბამისად, აღნიშნული საქართველოს ყველა მთავრობისთვის ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კომპაქტურად დასახლებული სომხური ეთნიკური მოსახლეობა.
დღესდღეობით სომხები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ცხოვრობენ, როგორც დისპერსიულად, ისე კომპაქტურად. მათი კომპაქტური დასახლებებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შედის ექვსი რაიონი: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, და ნინოწმინდის რაიონები. სწორედ აღნიშნულ რაიონებში არიან დასახლებულნი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნებით სომეხ მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. 2002 წლის მონაცემების მიხედვით ეთნიკური სომხები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ ახალქალაქსა(94%) და ნინოწმინდაში(97%). აღნიშნული რაიონებისაგან განსხვავებით სომეხთა შედარებით მცირე რაოდენობა მოსახლეობს ახალციხის რაიონში (36.5 % ). ხოლო ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონებში კი სომეხთა პროცენტული წილი საკმაოდ დაბალია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი საქართველოში 168,1 ათასი სომეხი ცხოვრობს აქედან 81 089 კაცი სამცხე-ჯავახეთში არის დასახლებული. სადაც საქალაქო დასახლებებში 19 306 ხოლო სასოფლო დასახლებებში კი 61 783 ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს.
სომხური მოსახლეობის გაჩენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველეს პერიოდს უკავშირდება. თუმცა, კომპაქტურად ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონები, სადაც სომეხი მოსახლეობა აბსოლუტურ ან დიდ უმრავლესობაშია, შედარებით გვიანდელი მოვლენაა. მე-18 საუკუნის ბოლომდე საქართველოში სომეხთა დასახლებას განაპირობებდა პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მიზეზები. თავიანთ ისტორიულ სამშობლოში მაჰმადინური სახელმწიფოების მიერ შევიწროებული სომხები შველას საქართველოში ეძებდნენ. ისინი უფრო სომხეთთან მოსაზღვრე რაიონებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რათა სამშობლოში პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე კვლავ უკან დაბრუნებულიყვნენ. საქართველოს სამეფო ხელისუფლება, თავის მხრივ, სომეხ მიგრანტებს შემოსევების შედეგად გაუკაცრიელებული მიწების დასახლების და ქვეყნის ვაჭრობისა თუ ხელოსნობის განვითარებისთვის იყენებდა. სოემხთა მასობრივ შემოდინებას სამეფო კართან დაახლოებული სომეხი წარმოშობის პირებიც ხელს უწყობდნენ. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ლორეში სომხების ჩამოსახლების ინიციატორი პეგინ ორბელიანი - ალექსანდრე პირველის სიმამრი იყო. ამიერკავკასიაში რუსეთის - როგორც ძლიერი პოლირიკური ძალის გამოჩენამდე მიგრაციული პროცესები ძირითადად ქართველი პოლიტიკოსების მიერ იმართებოდა და არ შეიმჩნეოდა რაიმე სახის ეროვნული საშიშროება.
მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთმა სერიოზული პრეტენზია განაცხადა კავკასიაში გაბატონებაზე და ამ პერიოდიდან საქართველოში სომხების ჩამოსახლებაც რუსეთის იმპერიის ჩარჩოებში მოექცა. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში სომხების დიდი მასების შემოყვანა-დამკვიდრება ითვალისწინებდა ქართველების დენაციონალიზაციას და ეთნიკურ აჭრელებას, რაც იმპერიულ ძალებს უქმნიდა ეთნოკონფლიქტების მართვის საშუალებას. რუსეთის საქართველოში გაბატონების შემდეგ სომეხთა მასიური ჩასახლების პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. რუსეთთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ სომხებმა საქართველოს მიმართ ორიენტაცია შეიცვალეს და კავკასიაში რუსეთის დასაყრდენ ძალად იქცნენ.
მე-19 საუკუნის მანძილზე რუსული გეგმის მიხედვით რამდენიმე მასობრივი სომხური მიგრაცია მოხდა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ პროვინციებში. რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების ომი თურქეთის დამარცხებით და ადრიანოპოლში ზავის დადებით დასრულდა. საზავო ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმ ქართველებს უფლება ეძლეოდათ 18 თვის ვადაში დაეტოვებინათ ტერიტორიები და ერთმორწმუნე თურქეთში გადასახლებულიყვნენ. თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გატარებული რელიგიური პოლიტიკის შედეგად ადგილობრივი, გამუსლიმებული ქართველების უდიდესი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ტერიტორიები და ოსმალეთში გადასახლებულიყო. ამის პარალელურად, ყარსიდან, არდაგანიდან, ბაიაზეთიდან და არზრუმიდან საამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ათიათასობით ეთნიკურად სომეხი ქრისტიანი ჩამოასახლა გენერალმა პასკევიჩმა, რომლებიც დასახლდნენ მუსლიმი ქართველებისგან დაცლილ ტერიტორიებზე. 1830 წლიდან სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე დაიწყო ქრისტიან სომეხთა შემოსახლება არზრუმიდან და დაისვა საკითხი სხვა სარწმუნოების და სხვა ხალხის გასახლების და ჩამოსახლებული სომხებისთვის ერთგვარი ავტონომიური ბუფერის შექმნისა. ეს საკითხი ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც. 1831 წელს ყარაფაფახელების ერთი ნაწილი აყარეს ჯავახეთიდან და დაასახლეს ნიალის ველის ტერიტორიაზე.
ეთნორელიგიური რუკის კიდევ ერთი სერიოზული ცვლილების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 1944 წელი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ სამხრეთ საქართველოდან მუსლიმი მოსახლეობის დეპორტაციამ ამ მხარის ცალკეულ რაიონებში ხელი შეუწყო რეგიონის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში სომხების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას. 1926 წლის აღწერის მონაცემებით სამცხის მოსახლეობის 87,6% მუსლიმი მესხი იყო, ამიტომაც ჯავახეთთან შედარებით სამცხეს გადასახლების ტალღა მთელი სიმძიმით დაატყდა თავს. რეგიონიდან გადასახლებულ თურქ მესხთა ნაცვლად 30 000 ეთნიკური ქართველი ჩამოასახლეს დასავლეთ საქართველოდან, შედეგად ეთნო-რელიგიური რუკის შემდგომმა ფორმირებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. რაც შეეხება ჯავახეთს აღსანიშნავია, რომ თუ 1926 წლის აღწერით ქართველები მოსახლეობის 15% შეადგენდნენ 1989 წლის აღწერით მათი რაოდენობა 3%-მდე დავიდა რაც განაპირობა რიგმა ფაქტორებმა, კერძოდ, ქართველების მიგრაციამ, სომხების მაღალმა შობადობამ, მუსლიმ მესხთა გადასახლებამ და იმ ფაქტმა, რომ ოთხი ქართული სოფელი- ხიზაბავრა, თოკი, ვარგავი და სარო-რომლებიც ჯავახეთს ეკუთვნოდა ასპინძის რაიონს შეუერთდნენ ხოლო ორი სოფელი-ბალანთა, ჭიხარულა-კი ბორჯომს გადასცეს. რის შედეგადაც ჯავახეთში სომხები აბსოლუტურ უმრავლესობად მოგვევლინენ.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა შემადგენლობამ და მათ შორის სომხურმა ეთნიკურმა ჯგუფმაც, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 2002 წლის აღწერის მიხედვით 248 929 ადამიანამდე შემცირდა სომხური მოსახლეობის რაოდენობა, მაშინ როცა 1989 წლის აღწერით, საქართველოში 437 211 სომეხი ცხოვრობდა. ხოლო 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი მათი რიცხვი 168,1 ათას კაცამდე დავიდა. საქართველოში 1990-იანი წლებიდან დაწყებული მიგრაციის ტალღა განპირობებული იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-პოლიტიკური პირობებითა და არასტაბილური პოლიტიკური ვითარებით. 1990-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლების ნაციონალისტური რიტორიკის პირობებში სომხები რუსეთსა და სომხეთში წავიდნენ. არსებული პოლიტიკური ვითარებით უმცირესობები შეიძლება უშუალოდ არ განიცდიდნენ შევიწროებას, მაგრამ გაურკვეველი მომავლისა და შიშის ფაქტორი ემიგრაციულ განწყობაზე მოქმედებდა. სომხური მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა კი სომხური გვარები შეიცვალა და ძირითადად ქართული გვარები მიიღო, შევიწროების თავიდან აცილების მიზნით. მართალია მსგავსი შემთხვევები ადრეც ხდებოდა თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში მან ინტენსიური ხასიათი მიიღო და გაგრძელდა ზ.გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გამსახურდიას შემდეგ მსგავი ტენდენცია აღარ შეიმჩნევა.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკურ უმცირესობათა მიგრაცია ბოლო წლებში განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით. ქვემოთ განვიხილავ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში.



No comments:
Post a Comment