საქართველო ისტორიულად ყოველთვის მრავალკულტურულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლები.
დღეს, მისი როგორც მრავალეთნიკური ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი საჯარო სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომლის მიმართაც ყველა ეთნიკურ ჯგუფს გაუჩნდება ერთგულებისა და თანაზიარობის შეგრძნება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, კონსოლიდირებულ დემოკრატიად და მეორეს მხრივ შეძლოს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება მან უნდა მოახერხოს მოცემული პრობლემის გადაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა იგი კვლავ დადგეს სახელმწიფოებრიობის რღვევის საფრთხის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო საუკუნეების განმავლობაში ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ ყალიბდებოდა რუსეთის იმპერიის და საბჭოთა პოლიტიკის პირობებში. ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობდა სეპარატიზმის და დაპირისპირების წახალისებას. ბევრ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და მათ შორის საქართველოშიც, ნაციონალიზმი ერთაშორისი ურთიერთობების წამყვან ძალად იქცა. ეთნიკური უმცირესობების მიმართ ქართველი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა იქონია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში განვითარებულმა მოვლენებმა. დღემდე მოუგვარებელმა კონფლიქტებმა მოსახლეობას გაუჩინა შიშის განცდა, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეთნიკური ნაციონალიზმის გაჩენას უზრუნველყოფდა ერთის მხრივ საბჭოთა ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობა და მეორეს მხრივ ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. როგორც ისტორიული გამოცდილება მოწმობს, ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნებათშორის ურთიერთობაზე ძირითადად გავლენას პოლიტიკური რეჟიმი ახდენს. საქართველოს 1918-21 წლების ხანმოკლე დამოუკიდებლობამ ეთნიკური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ეთნიკურ უმცერესობათა შემწყნარებლობას საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფდნენ. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების განსაზღვრას დიდი ყურადღება დაეთმო იმ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ეს კარგად ჩანს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო მასალებიდან. ეთნიკურ უმცირესობებს მიეცათ საშუალება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში რიგი საკითხების შესახებ საკუთარი პროექტი წარედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში უმცირესობათა მიერ მოთხოვნილი უფლებების დაკმაყოფილება და მათი კონსტიტუციაში ჩადება თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას. მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო დაბრკოლებების გადალახვა და თან ეს ისე მოახერხა, რომ არათუ არცერთი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის უფლება არ შელახულა, არამედ პირიქით, მათთვის 1921 წლის კონსტიტუციაში ცალკე თავიც კი იქნა დათმობილი. ხოლო იმ პერიოდში უმცირესობისთვის მინიჭებული უფლებები, თავისი არსით, პროგრესული მოვლენა იყო. მაშინდელი კონსტიტუციონალიზმი ქმნიდა საყოველთაო თანასწორობის და საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჩართულობის ინსტიტუციონალურ საფუძვლებს. ეთნიკურ უმცირესობებს ეძლეოდათ უფლება მიეღოთ განათლება მშობლიურ ენაზე, აგრეთვე სამართალ-წარმოების დროს გამოეყენებინათ მშობლიური ენა, საკუთარ ენაზე გამოეშვათ ჟურნალ-გაზეთები. გარდა აღნიშნულისა, მაშინდელი ქართული რესპუბლიკა, ზოგიერთი ეთნიკური და კონფესიური ჯგუფის მიმართ ავტონომიების შექმნასაც ითვალისწინებდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კონსტიტუციაში ლეგიტიმურობის წყაროდ მთელი ერია დასახელებული. რითიც საზოგადოების ეთნოკულტურულმა დიფერენციაციამ უკანა პლანზე გადაიწია და უპირატესობა მიენიჭა სამოქალაქო კუთვნილებას. ერი უფრო გულისხმობდა ადამიანთა დიდ სეკულარულ კრებულს, ვიდრე რაიმე ეთნიკურ ერთობას. აღსანიშნავია, რომ „ერმა“ ეთნოკულტურული დატვირთვა საბჭოთა დროს შეიძინა.
საბჭოთა კავშირის რღვევას და დამოუკიდებლობის მოთხოვნას ეთნიკური უმცირესობები არც თუ დიდი სიხარულით შეხვდნენ. მათში ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა შიშს და უნდობლობას იწვევდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა ქვეყნის ხელისუფლების ეთნო-ნაციონალურმა პოლიტიკამ. ამ პერიოდში დაიწყო ქვეყნიდან ეთნიკურ უმცირესობათა ინტენსიური გადინება. საქართველოს მოსახლეობის ეროვნულმა შემადგენლობამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორებით. თუ 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს შეადგენდნენ, 2002 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გამოკლებით) მათი ხვედრითი წილი 16%-მდე დაეცა. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ თუ 1989 წლის მონაცემებით საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს სომხები წარმოადგენდნენ(8,1%) 2002 წლის მონაცემებით სომეხთა ემიგრაციისა და ამავე დროს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ტრადიციულად მაღალი შობადობის გამო, მათი ემიგრაციის მიუხედავად, აზერბაიჯანელები საქართველოში ყველაზე დიდ ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენდნენ. შესაბამისად 2002 წლის აღწერის მონაცემებით აზერბაიჯანელები-6,5% ხოლო სომხები-5,7% შეადგენდნენ. სხვა ეთნიკური ჯგუფები კი, რომლებიც საერთო ჯამში 4%-ს შეადგენენ იყვნენ ოსები, რუსები, ბერძნები, ქურთები, ასირიელები, ქისტები, ებრაელები, უკრაინელები, პოლონელები და სხვები. ხოლო უახლესი 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ეროვნული უმცირესობების მაჩვენებელი 13,2%-მდე შემცირდა აქედან აზერბაიჯანელები- 6,3%, სომხები-4,5% ხოლო სხვა დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები(რუსი-0,7%, ოსი-0,4%, იეზიდი-0,3%, უკრაინელი-0,2%, ქისტი-0,2%, ბერძენი-0,1%, ასირიელი-0,1% ) კი ჯამში 2.4% შეადგენენ (სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016). ქვემოთ განვიხილავ სამოქალქაო ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ და სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს სომხებს.
No comments:
Post a Comment