საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო ენაა. საქართველოს ხელისუფლებისათვის კვლავ გამოწვევად რჩება, გააკეთოს ყველაფერი უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად, რათა გაუადვილოს მათ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამავე დროს, მისცეს მათ საშუალება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ დაზარალდნენ ეთნიკური უმცირესობები და ჰქონდეთ მათ თანაბარი მიწვდომა უმაღლეს განათლებასა და დასაქმებაზე, ქართულენოვანი მოსახლეობის მსგავსად.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ დაზარალდნენ ეთნიკური უმცირესობები და ჰქონდეთ მათ თანაბარი მიწვდომა უმაღლეს განათლებასა და დასაქმებაზე, ქართულენოვანი მოსახლეობის მსგავსად.
ქართული ენის ცოდნა მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რამდენადაც მის გარეშე მოსახლეობა ფაქტიურად იზოლირებულია, მოქცეულია სააინფორმაციო ვაკუუმში, რადგან მიუწვდომელია ქართულენოვანი საინფორმაციო საშუალებები, რის გამოც ისინი უფრო უცხოურ (აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ) მედია-საშუალებებზე არიან ორიენტირებულნი. გარდა ამისა სახელმწიფო ენის არცოდნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს ეთნიკურ უმცირესობასა და ეთნიკურ ქართველებს შორის კომუნიკაციის პროცესში. რაც შესაბამიად ართულებს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ერთგან აზერბაიჯანელები და მეორეგან სომხები, ქართული ენის შეზღუდულ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ის შედეგი აქვს, რომ მოსწავლეები სახელმწიფო ენას კარგად ვერ ფლობენ. სახელმწიფო ენის შესაბამისი ცოდნის დონის არქონის გამო, მათ სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელი ეშლებათ.
დღეს-დღეობით „საქართველოს მთავრობის ენისა და საგანმანათლებლო პოლიტიკა ორი ძირითადი მიმართულებით გამოირჩევა: ერთი მხრივ, სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, უმცირესობათა ენების დაცვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფა. ეთნულურ უმცირესობათა უფლებას, ისაუბრონ დედა ენაზე, იცავს საქართველოს კონსტიტუცია.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასა და უმცირესობათა ენებზე განათლების მიღების უფლებას უზრუნველყოფს, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა სახელმწიფო ენის გამოყენების თაობაზე გარკვეულწილად აფერხებს ეროვნულ უმცირესობათა მიერ ამ უფლებებით სარგებლობას. დღეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლება არაა ადვილად ხელმისაწვდომი, რაც ძირითადად გამოწვეულია ქართული ენის ცოდნის აუცილებლობით. მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ენის ცოდნა საგანმანათლებლო რეფორმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა სრული და ეფექტიანი ინტეგრაციის პოლიტიკის მთავარ მიმართულებად არის აღიარებული, რაც განსაკუთრებით ცალკეულ რეგიონებში კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობებს ეხება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში დარჩა საჯარო სკოლების საბჭოური სისტემა. აღნიშნული სისტემა გულისხმობს სკოლაში სხვადასხვა ენაზე სწავლების შესაძლებლობას. შედეგად, სკოლის ასაკის საქართველოს მოქალაქეები შეიძლება შევიდნენ ქართულ, სომხურ, ან აზერბაიჯანულ საჯარო სკოლებში. ეს კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს სრული დაწყებითი და საშუალო განათლება თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღონ. სამწუხარო ფაქტია, რომ ეს სკოლები ხშირად ვერ პასუხობენ ქართული ენის სწავლებასთან მიმართებაში საქართველოს ეროვნულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილებებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საშუალო განათლების უმცირესობათა ენებზე უზრუნველყოფამ მათი ენებისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას ხელი შეუწყო, ამ გარემოებამ ასევე გარკვეულწილად საზოგადოების ეთნიკური და ენობრივი ნიშნით დაყოფა განაპირობა. მსგავსი ვითარება კი არცთუ სახარბიელოა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიცაა საქართველო, სადაც ეთნიკურ საფუძველზე დაძაბულობას წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი.“
განათლების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული ხარვეზების გამო აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის უმცირესობები შესაბამისად, აზერბაიჯნულსა და სომხურ ენებზე საუბრობენ და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას არა თუ ქართულს, უკვე რუსულ ენასაც ვეღარ იყენებენ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული ენის შესწავლის საკითხი ინტეგრაციის პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო, თუმცა სახელწიფოს მხრიდან საამისოდ გადადგმული ნაბიჯები მოკრძალებული და არაეფექტიანი აღმოჩნდა. სწორედ ქართული ენის არცოდნა ხდებოდა განათლების მისაღებად აზერბაიჯანელების და სომხების საქართველოდან აზერბაიჯანსა და სომხეთში წასვლის მიზეზი. ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ უკვე უკეთესი მომავლისა და სამსახურის მოძებნის იმედით, მათი დიდი ნაწილი სამუდამოდ იქ რჩებოდა საცხოვრებლად.
2003 წლიდან ენის პოლიტიკის მნიშვნელობა ერთი-ორად გაიზადრა. ხელისუფლებამ გააცნობირა რა მისი, როგორც ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტის მნიშვნელობა, გაატარა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და დაიწყო რეფორმების განხორციელება. განათლების სამინისტრო ამ რეფორმებს სისტემატურად ცვლის და აუმჯობესებს. აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია, რომელიც უკვე 2009 წლიდან ხორციელდება. იგი შეიცავს განათლების გაუმჯობესების ექვს მიმართულებას: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ეროვნული უმცირესობებისათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა; ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა; ეროვნულ უმცირესობებათა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება; და ასევე ზრდასრულთა განათლების პროგრამებისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა. კონვენციის მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ორიენტირებული სკოლამდელი სასწავლო პროგრამების მომზადება-პილოტირება. აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სასკოლო მზაობის დონის ამაღლების მიზნით სპეციალური პროგრამის განხორციელება. მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა სკოლამდელი განათლებისა და კონკრეტული პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, დაევალა სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნულ უმცირესობათა ენებზე სკოლებში სწავლების ენის შესაბამისად. აღსანიშნავია აგრეთვე მულტილინგვისტური სწავლების პოლიტიკის დახვეწა, პოლოტირება და დანერგვა. რომლის აღსრულებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაევალა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად. „მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში 2011 წლის 6 იანვრიდან ხორციელდებოდა მონიტორინგი პროგრამაში ჩართულ საპილოტე სკოლებში. ამ პროგრამის ფარგლებში და უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მხარდაჭერით, შეიქმნა ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „მასწავლებლების გზამკვლევი მულტილინგვურ სწავლებაში“, რომელიც ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე. 12 სომხურ, 12 აზერბაიჯანულ, 9 რუსულ და 1 უკრაინულ საპილოტე არაქართულენოვან საჯარო სკოლებს, სადაც საგნების 30% ისწავლება ქართულ ენაზე, გადაეცათ მიზნობრივი სუბსიდიები 1,000 ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდა პროგრამაში ჩართული მასწავლებლების სახელფასო დანამატს.
დაიწყო ჟურნალის „მასწავლებელი“ გამოცემა სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს 3 პროგრამას ზემოაღნიშნული მიმართულებით: პროგრამა ”კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში” წარმოადგენდა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გულისხმობდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებისათვის პროფესიონალ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მოზიდვას. 2009 წელს კონკურსის შედეგად შეირჩა მასწავლებლები, რომლებიც ფლობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ენას და შეეძლოთ ქართული ენისა და ლიტერატურის მაღალ დონეზე სწავლება. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მასწავლებლებს დაენიშნათ მაღალი ხელფასი (1000 ლარი თვეში). 2009 წელს, პროგრამის ფარგლებში 28 ქართული ენის მასწავლებელი გაიგზავნა ქვემო ქართლის რეგიონში, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 17 ქართული ენის მასწავლებლის მივლინება იქნა უზრუნველყოფილი. მეორე პროგრამაა ”ვისწავლოთ და ვასწავლოთ ქართული” რომელიც უზრუნველყოფს ყველა ეთნიკური უმცირესობების ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის ტრენინგსა და პროფესიულ განვითარებას. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამა, ”ასწავლე საქართველოსთვის” გულისხმობდა კვალიფიციური მასწავლებლების გაგზავნას საქართველოს რეგიონებში (მაღალმთიან და შორეულ სოფლებში).
2003-2004 წლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, პროექტის ”ენის კურსები-საჯარო მოხელეთათვის სამცხე-ჯავახეთში” ფარგლებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის ”ენის სახლები” ჩამოაყალიბა. პროექტი დაფინანსდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ. ”ენის სახლის” მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჯავახეთის რეგიონში ზრდასრული მოსახლეობის განათლებისთვის, სახელმწიფო ენის და უმცირესობათა მშობლიური ენის სწავლებისთვის, ინტერკულტურული დიალოგის წარმართვისათვის ხელშეწყობა, პედაგოგთა გადამზადება და ა.შ. "ენის სახლის" ეგიდით ფუნქციონირებს ენის კურსები და ბიბლიოთეკა. გამოიცემა საინფორმაციო-მეთოდური ჟურნალი. პროექტის ”ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის სამცხე-ჯავახეთში” ფარგლებში გამოიცა სამდონიანი ქართული ენის სახელმძღვანელო ”საიმედო”, სომხურენოვანი და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის; ჩატარდა ენის კურსები რეგიონის 500-მდე საჯარო მოხელისათვის; მოეწყო კულტურული ღონისძიებები კულტურათაშორისი დიალოგისა და ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლების მიზნით; შემუშავებული იქნა პედაგოგებისათვის ქართული ენის "გზამკვლევი"; გამოიცა ქართული ენისთვის თვითსასწავლო და სასაუბრო სახელმძღვანელო; გადამზადდა ქართული ენისა და ლიტერატურის 24 პედაგოგი; გამოიცა საინფორმაციო-მეთოდური ჟურნალის ცამეტი ნომერი. ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსდა პროექტი ”ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონი”, რომლის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონი 50 000 ლექსიკური ერთეულით. ლექსიკონები გადაეცათ ჯავახეთისა და წალკის რაიონის საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს. 2007 წლიდან ”ენის სახლების” მდგრადი ფუნქციონირებისთვის ოფისები გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც აიღო ვალდებულება უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება.
2005 წლიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ფუნქციონირება დაიწყო ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლამ. მისი მიზანია არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა, არაქართულენოვანი მოსახლეობის ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირება. ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის დაწესებულებებში მართვის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება. ჟვანიას სკოლა მაღალმთიანი, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და კონფლიქტის ზონების რეგიონების მოქმედ ან პოტენციურ საჯარო მოხელეებს რამდენიმე მიმართულების მოკლევადიან და გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროგრამებით გადაამზადებს. 2011 წლისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ქართული ენის პროგრამის” ფარგლებში უზრუნველყო ნინოწმინდისა და ახალქალაქის ენის სახლების დაფინანსება 22,500 ლარის ოდენობით (თითოეული ცენტრისათვის). ასევე, 2011 წელს სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ იქნა 2009 წელს დაარსებული დმანისისა და ბოლნისის ქართული ენის ცენტრებისათვის დაფინანსების გამოყოფა (ასევე 22,500 ლარი თითო ცენტრისათვის). დღეისათვის, 2 ენის სახლში და 2 ქართული ენის ცენტრში 4-4 ჯგუფის სწავლება მიმდინარეობს; მათ წელიწადში დაახლოებით 300 მსმენელი ჰყავთ. პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში დამატებით სამი ქართული ენის სახლი გაიხსნა ქვემო ქართლის რეგიონში - გარდაბანსა და მარნეულში.
სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშემწყობ კიდევ ერთი პროგრამა „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მოზნად ისახავს ხელი შუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლებასა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას. პროგრამა გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიცირებული მასწავლებლების მივლინებას ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. 2011 წელს შეირჩა დამატებით 11 ტრენერ-მასწავლებელი. მასწავლებლები სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პარალელურად, ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებას, ადგენენ ენის შემსწავლელთა „ქართული ენის კლუბებს“. კლუბების მოსაწყობად და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაში ჩართულ 59 სკოლას გადასცა საჭირო ინვენტარი.
2011 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით 16 მასწავლებელი გაემგზავრა ანაკლიის საზაფხულო ბანაკში, სადაც სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამით არაქართულენოვან მოსწავლეებს ასწავლიდნენ ქართულს. 2011 წელს გაცვლითი-დამეგობრების პროექტის ფარგლებში, სკოლებში მივლინებულმა 30-მდე ტრენერ-მასწავლებლებმა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოიძია პარტნიორი ქართულენოვანი სკოლა; მოეწყო ერთობლივი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებმა, სადაც გაგზავნილები არიან პროგრამის მონაწილე მასწავლებები, მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებზე ქართულში ყვეკაზე მაღალი ქულები მოიპოვეს და ამ საგანში მხოლოდ 2%-მა ვერ გადალახა ბარიერი. პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლის 1 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ახალი პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში არსებული არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექცია და ადგილობრივი თემია.
აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ არაქართულენოვან სკოლებში, ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის წესით შეარჩია და გააგზავნა 303 ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტი, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივი არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ბილინგვურად წარმართვასა და ქართული ენის გაკვეთილის ჩატარებაში. დაიფარა რეგიონებში არსებული არაქართულენოვანი სკოლების 50%. რეგიონებში გაგზავნილ ამ ბაკალავრებს სახელმწიფო დაუფინანსებს მაგისტრატურაში სწავლების საფასურს. 2011 წელს შეიქმნა დაწყებითი საფეხურის I-IV დონის ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელოები, რომლებიც აიგო თანამედროვე პედაგოგიკის კომუნიკაციური სწავლების პრინციპებზე.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 2011 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის ინიციტივით ამოქმედდა და დღემდე წარმატებულად ხორციელდება უმაღლესი განათლების მიღების წახალისების პროგრამა, “4+1”. მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზაციის ხელშწყობის მიზნით ახორციელებს. სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისეც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ ქართულ ენაზე. 2012 წელს წინა წელთან შედარებით მოიმატა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა არაქართველმა აბიტურიენტებმა. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კვოტირების პროგრამაში იგულისხმება ის, რომ საქართველოს მოქალაქე სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეუძლიათ ჩარიცხვისას ისარგებლონ სპეციალური კვოტებით. ანუ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ (აზერბაიჯანულ და სომხურ) ენაზე. ისინი მოხვდებიან მოსამზადებელ ფაკულტეტზე, სადაც ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ისწავლიან ქართულ ენას და შემდეგ წელს უკვე სასურველ ფაკულტეტზე გააგრძელებენ სწავლას. 2011 წლიდან პროგრამის ფარგლებში 300-მდე სტუდენტმა ჩააბარა უნარები მშობლიურ ენაზე მაშინ როცა 2010 წელს აღნიშნული პროგრამით მხოლოს სამმა აბიტურიენტმა ისარგებლა. აღსანიშნავია რომ დაფინანსებას სტუდენტი უნარების ქულით იღებს და ის აკადემიურ პროგრამებზეც მიჰყვება. განათლების სამინისტროს ერთ-ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების უმცირესობათა ენებზე თარგმნილი წიგნების გავრცელება. თუ ადრე ეთნიკურ უმცირესობათა სკოლები ბაქოდან და ერევნიდან მარაგდებოდა, დღეს თბილისი ამარაგებს მათ.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ განათლების სამინისტროს მთავარ მიზანს ენის პოლიტიკასთან მიმართებაში ქართული ენის სწავლების მეშვეობით ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი აზრით აღნიშნული მიზანი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად ხორციელდება შესაბამისი ინიციატივები უმცირესობების ენების შესანარჩუნებლად.
No comments:
Post a Comment